logo
ENG



"მოძალადეობა არ ეტყობა", “დაბადებამდე მყავს ნანახი” - დეპუტატები ბასილაშვილის მხარდასაჭერად

16 მარ 202114:09
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/16/1hh3yml4wlg70dz.jpg

დეპუტატებმა ოჯახში ძალადობაში ბრალდებულ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერა პარლამენტის ტრიბუნებიდან გამოუცხადეს. 

მიუხედავად იმისა, რომ ბასილაშვილს და მის ოჯახს პოლიციამ 6 შემაკავებელი ორდერი გამოუწერა, სასამართლომ კი ისინი ძალაში დატოვა, ერთ-ერთი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ჩოგბურთელს "მოძალადეობა არ ეტყობა". 

სწორედ ელისაშვილი იყო პირველი პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, ვინც ბასილაშვილს მადლობა გადაუხადა და შეაქო.

"ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნა ეს ტრიბუნაა და მინდა, აქედანაც მადლობა ვუთხრა უკვე ლეგენდარულ სპორტსმენს, ნიკოლოზ ბასილაშვილს. შეძლება, დიდ ქვეყნებში არც არაფერი, ასეთი ბევრი წარმატება აქვთ ხოლმე დიდ ქვეყნებს, მაგრამ ჩვენნაირ ქვეყნებში ეს სპორტიც არის, პოლიტიკაც არის, ხელოვნებაც არის, კულტურაც არის ერთბაშად. მსურს, დიდი მადლობა ვუთხრა, როგორც ერთმა მოქალაქემ ერთ მოქალაქეს, როგორც ერთმა ქართველმა ერთ ქართველს ვუთხრა იმ თავდაუზოგავი შრომისთვის და წარმატებისთვის, იმისთვის, რომ საქართველოს სახელი გაიტანა მთელს მსოფლიოში.

მით უფრო, იმ ფონზე, რაც მას თავს დაატყდა. როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა, წარმატებული კაცი რომ გამოგვერევა, მერე მზად ვართ რომ დავკორტნოთ განსაკუთრებული ჟინით და ახალგაზრდა კაცსაც ძალიან ბევრი ასე უტევდა. ვერაფრით დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას, არც ჩანს, რომ ეს კაცი მოძალადეა. პირიქით, ვნახეთ, რომ მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან წამებში მან სიტყვა წარმოთქვა და პირველ რიგში თავის მცირეწლოვან შვილს მიმართა და წარმატება მოულოცა. ამის მოსმენით ალბათ ყველანი გულაჩუყებული ვიყავით. მადლობა ნიკოლოზ ბასილაშვილს თავგანწირული ბრძოლისთვის, შრომისთვის, წარმატებისთვის. მას და ყველა სპორტსმენს მსგავსის განმეორებას ვუსურვებ". - თქვა მან. 

ქართული ოცნების ერთ-ერთი წევრი, შალვა პაპუაშვილი კი ფიქრობს, რომ ბასილაშვილის საკითხმა "სიძულვილის შემცველი ენის პრობლემა დაგვანახა, რომელიც პოლარიზაციის ერთ-ერთი მიზეზია". 

პაპუაშვილმა თქვა, ზიზღის ენა გამოყენებული იყო ორივე მხარის მიერ" და მოქალაქეებს ეთიკისა და მორალისკენ მოუწოდა. 

"ამ მნიშვნელოვანი გამარჯვების გარშემო, სამწუხაროდ, ორივე მხრიდან მოვისმინეთ სიძულვილის ენა. იყო ზიზღის და სიძულვილის შემცველი ენა როგორც ნიკოლოზ ბასილაშვილის მისამართით, ისე მისი კრიტიკოსების მისამართით იყო ასეთი დამამცირებელი, დამცინავი, შეურაცხმყოფელი ენა გამოყენებული. სამწუხაროდ, ეს თანმდევი პროცესია ტექნოლოგიური და სოციალური ქსელების განვითარების, არა მხოლოდ საქართველოში, ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ ეს არ არის პირისპირ ურთიერთობა და რასაც არ აკადრებდნენ პირისპირ ურთიერთობისას, ადვილად კადრულობენ სოციალურ ქსელში სტატუსის დაწერით თუ ამა თუ იმ კომენტარის მიწერით. თითქოს ეს არის სამყაროში გაშვებული სიტყვები, რომელიც არავის ეხება. მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის სპორტსმენი, პოლიტიკური მოღვაწე თუ სხვა. ყველას აქვს თავის თავზე განცდილი. მნიშვნელოვანია, ამას მივაქციოთ ყურადღება. ამაზე უნდა დაფიქრდეს ყველა, რომ შემდეგ ის პოლარიზაცია, რაზეც ყველა წუწუნებს, აღარ იყოს ამდენად ღრმა". - თქვა მან. 

შოთა ხაბარელმა ხაზი გაუვა "წარმატებული სპორტსმენის ლანძღვას". 

"სამწუხაროა ის ფაქტები, როცა ჩვენ ვხედავთ, რადიკალური ოპოზიციიდან როგორ ლანძღავენ ჩვენს წარმატებულ სპორტსმენებს, ჩვენს გმირ სპორტსმენებს. ბატონი ალეკო ელისაშვილი გამოვიდა და შეამკო ბასილაშვილი. თუ ყველა ასე მივუდგებით, გავერთიანდებით და უფრო მეტ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ.  

ბასილაშვილი მართლა გმირი სპორტსმენია, მან ლეგენდარული სპორტსმენი, როჯერ ფედერერი დაამარცხა და არც ერთ მოწინააღმდეგეს არ დაუტოვა შანსი. 40 მილიონზე მეტი ადამიანი აკვირდებოდა ამ შეჯიბრი, ჩვენი ქვეყანა წარმოაჩინა ამ ბრწყინვალე ადამიანმა. გავითავისოთ, რომ ყველა ჩვენგანი ვართ მის ადგილზე და ეს იყო ჩვენი ქვეყნის წარმატება". - თქვა ხაბარელმა. 

ლადო კახაძე კი მიიჩნევს, რომ "ბასილაშვილი არის ღვიძლი - გაერთიანებული ენერგიის წყარო". 

“ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბადებამდე მყავს ნანახი, მუცლად ყოფნის პერიოდში და ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ასეთი დიდი გამაერთიანებელი ენერგიის წყარო გახდებოდა. ვულოცავ მას ამ გამარჯვებას, მის მშობლებს, პირველ რიგში. ყველა იმ ადამიანს, ვინც გულშემატკივრობს. ახლა მოწინააღმდეგე ბანაკს ვეტყვი, მე ვიცი ხასიათი იმ კაცის, ყოველი თქვენი გარედან გესლი და წინააღმდეგობა გარდაიქმნება ნიკოლოზ ბასილაშვილში იმ პოტენციალში, რომ ყოველი ახალი მოწოდებით ახალ ეისს გააკეთებს და ერთი დარტყმით მოუგებს მოწინაარმდეგეს. რაც მეტს დაუპირისპირდებით, მით მეტ წარმატებას შექმნის. არის ასეთი ორგანო, ღვიძლი, ადამიანის ორგანიზმში, რომელიც ყველა შხამს გადახარშავს და ისევ თავისი ორგანიზმის სასიკეთო ენერგიად აქცევს. დიახ, ასეთი ენერგიის მფლობელია ეს კაცი”, — განაცხადა კახაძემ.

***** 

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი ცოლი, ნელი დოროყაშვილი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს. 

სასამართლომ მას 100 ათას ლარიანი გირაოც დააკისრა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის, მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ადვოკატის განმარტებით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილზე გენდერული ნიშნით ფიზიკურად არაერთხელ იძალადა

ამასთანავე, დაცვის მხარის ცნობით, ბასილაშვილი წლების განმავლობაში ახორციელებდა გენდერული ნიშნით სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, რის შედეგადაც ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. 

საბოლოოდ საქმის გამოძიება ძალადობის 5 ეპიზოდზე მიმდინარეობს. თავდაპირველად ბრალი ბასილაშვილს ძალადობის მხოლოდ 1 ეპიზოდზე ჰქონდა წარდგენილი. 

შემაკავებელი ორდერები გამოწერილია როგორც ბასილაშვილის, ისე მისი მშობლების მიმართ. პოლიციის მიერ გამოწერილი ორდერი სასამართლომ ძალაში დატოვა, ჩოგბურთელმა და მისმა მშობლებმა ის აღარ გაასაჩივრეს.  

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის თავმჯდომარე, ადვოკატი ანა აბაშიძე ამბობს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს შვილისთვის წელიწადნახევარია ალიმენტი არ გადაუხდია. ასევე, სასამართლოს გზით ედავება ბინასაც. 

რამდენიმე დღის წინ ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირი მოიგო. ერთ-ერთ ტურში დაამარცხა როჯერ ფედერერი. 


close დახურვა